თედო სახოკიას მიხედვით
ააბრუნა წისქვილი - დაიწყო დაუსრულებელი ლაპარაკი.
აბუჩად აგდება - აგდება, უპატივცემლობა, შეურაცხყოფა, გამასხარავება.
„დაუპატიჟებელ სტუმარს აბუჩი ჰქვია“ (ანდაზა).
ალალმა დაჰქროლა - მოულოდნელი უბედურება, უეცრად შეშინება, თავზარის დაცემა, გულის გახეთქა.
ამირანის ხმალს იქნევს - დიდი ვაჟკაცია, გულმაგარია, მხნეა.
ლეგენდარული ამირანის ხმალი ქართველებში დიდი ხანია ვაჟკაცობის, მძლეთამძლეობის სინონიმია. ამ თვისებებით აღჭურვილ კაცს ვერავინ მოერევა. ბუზსაც ვერავინ აუფრენს.
ანგელოზმა ჩამოიარა - სიჩუმეა, ხმას არავინ იღებს.
ანგელოზები ამქვეყნად ღმერთის სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად ჩამოდიან ზეციდან. ხალხის რწმენით, ისინი სახლებს მაშინ ჩამოივლიან, როცა იქ სრული სიჩუმეა. ამიტომ სახლში, როცა ყველა უცებ დაჩუმდება, იტყვიან, ანგელოზმა ჩამოიარაო.
ამოღებული ხმალია - მზადაა საბრძოლველად, მოძმის მისაშვეკებლად, დასახმარებლად.
არახუნებს მოშლილი წისქვილივით - უაზროდ ლაპარაკობს.
აჯამი - უვიცი, რეგვენი, შეუსმენელი, გაუგებარი.
აჯამი არაბული სიტყვაა და ნიშნავს არაარაბს. ასე უწოდებდნენ სპარსელებს, რომლებიც მიაჩნდათ უვიცებად და რეგვენებად.
ბედნიერ ვარკსვლავზე დაბადებული - კაცი, რომელსაც ყველაფერში ხელი მოემართება.
ხალხის რწმენით, კაცი რომ იბადება, მისი სახელის ვარსკვლავიც ჩნდება. ზოგი ვარსკვლავი ბედნიერია და მის სახელზე დაბადებულ კაცს ბედნიერება მოელის ცხოვრებაში. ზოგი ვარსკვლავი კი უბედურია და მის სახელზე დაბადებული კაციც უბედურია. ამბობენ კიდეც: ეს კაცი უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო.
ბეწვის ხიდი - დიდი რამ გასაჭირი, ძნელად გადასალახავი.
ხალხის რწმენით, ვიდრე ადამიანი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შევა, ადუღებული კუპრის ზღვაზე გადებული ბეწვის ხილი უნდა გაიაროს. თუ ცოდვილია, ხიდი ჩაუტყდება და საუკუნოდ კუპრში დარჩება, ხოლო თუ კეთილია, თავისი ნამოქმედარი სიკეთე და დამდლი მხრებში შეუდგება, მშვიდობით გაატარებს ბეწვის ხიდზე და სამოთხეში შეიყვანს. აქედან იქცა ბეწვის ხიდი ძნელი საქმის, გასაჭირის დაძლევის სინონიმად.
ბეჭდის დაკვრა - დამოწმება სინამდვილისა, სისწორისა, უეჭველობისა.
გაუთლელი - უსწავლელი, უზრდელი, გაუნათლებელი.
დედის ხსენი არ შეშრობია ტუჩებზე - პატარაა, ძუძუმწოვარა ბალღია.
ამ გამოთქმას ხმარობენ დაცონვით, ჯერ პატარაა და დიდს კი ეტოლება ქცევაშიო.
კვაჭი - გაიძვერა, გაქნილი, მოხერხებული ადამიანი.
ეს სიტყვა პირველად იხმარა მიხეილ ჯავახიშვილმა რომან „კვაჭი კვაჭანტირაძეში“, რომლის გმირი კვაჭი განსახიერებაა გაიძვერა ადამიანისა. იგი თავისი მოხერხებულობის წყალობით სძლევს ყოველგვარ დაბრკოლებას მიზნის მისაღწევად. მისთვის ნებადართულია ნებისმიერი საშუალება, კანონიერი თუ უკანონო, პატიოსანი თუ უპატიოსნო. ზნეობრივი კოდექსი მისთვის არ არსებობს.
ლაგამის წაყრა - წესიების, კანონის უგულვებელყოფფა, თავისუფალი, მოურიდებელი, უკრძალავი, თავშეუკავებელი ლაპარაკი, თავგასულობა.
როცა ცხენი ლაგამს წაიყრის, თავისუფლება ეძლევა და მხედარს აღარ ემორჩილება. ლაგამი ხატოვნად ეტოლება ზნეობისა და წესიერი ყოფაქცევის კანონებს, რომლებიც გვაიძულებენ, წესიერება არ გადავლახოთ და სიტყვით თუ საქმით რიგიანი ადამიანისთვის შეუფერებელი რამ არ ჩავიდინოთ.
ლაგამწამოყრილი ლაპარაკი - დაუფიქრებელი, მოურიდებელი, უწესო, კადნიერი ლაპარაკი.
მოურიდებლად მოლაპარაკე ადამიანი მიმსგავსებულია ცხენს, რომელსაც პირიდან ლაგამი გამოგდებული აქვს და აღარაფერი აბრკოლებს ადამიანის ნებაზე აღარ იაროს.
პირშავი - დამნაშავე, მტყუანი, უსირცხვილო, უპირისწყლო, სახელგატეხილი.
ძველად საქართველოში დასჯის ერთ-ერთი სახე იყო დამნაშავისათვის პირ-სახეზე საჯაროდ მურის წასმა, ანუ პირის გაშავება. მოსამართლეები სოფლის თავკაცები იყვნენ. ისინი დამნაშავეებს (ქურდებს, მეძავებს) მურით ან ნახშირით პირს უშავებდნენ და სოფელში კარდაკარ ჩამოატარებდნენ.
შემდეგში სახელი პირშავი ხატოვნად დაერქვა ყველას, ვინც რამეს აშავებდა, არღვევდა სოფლად შემოღებულ წესებს.
ფეხის ხმის აყოლა - სხვისი მიბაძვით საქმის კეთება, კეთება იმისა, რაც არ შეგფერის, რაც შენს ძალ-ღონეს აღემატება.
ქვეყანა ჩალით არის დახურული - ხალხი უპატრონოდ არის დატოვებული, დანაშაულზე არავინ აგებს პასუხს, გაჭირვებულთ ქომაგი არ ჰყავთ.
ჩალას ძველად სახურავად ხმარობდნენ ღარიბები, რადგან ყავარზე (შენობის გადასახურავი ნაპობი თხელი ფიცარია) უფრო ადვილი საშოვნელი იყო. აქედან გამოთქმა - ქვეყანა ჩალით არის დახურული - გულისხმობს ქვეყანას, სადაც ღარიბებისა და უპატრონო ხალხისთვის დაკარგულია სამართალი, არ არსებობს შველა და დახმარება.
No comments:
Post a Comment